
რუსეთის ომბუდსმენმა, ტატიანა მოსკალკოვამ განაცხადა, რომ ამ კვირის ბოლოს უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრას აპირებს. ინფორმაცია მან ჟურნალისტებს დაუდასტურა და კომენტარი რუსულმა სახელმწიფო მედია TASS-მა გაავრცელა.
შეხვედრა თურქეთში უნდა გაიმართოს.
"ვადასტურებ, რომ ამ შეხვედრის გამართვას ვაპირებ", - განაცხადა მან.
კონფერენცია, რომელსაც თურქეთის ადამიანის უფლებათა კომისარი აწყობს 12-14 იანვარს უნდა გაიმართოს.
უკრაინის ადამიანის უფლებათა ომბუდსმენმა, დმიტრო ლუბინეცმა კვირას Telegram-ში დაწერა, რომ მოსკალკოვასთან შეხვედრა "რამდენიმე დღეში თურქეთში გაიმართება".
"მთავარი საკითხი, რომელიც უნდა განიხილებოდეს, არის ჩვენი გმირების სახლში დაბრუნება", - თქვა მან და დასძინა, რომ გეგმები "ამბიციურია".
შეხვედრა ხდება მას შემდეგ, რაც კიევმა და მოსკოვმა კვირას ახალი წლის დადგომის შემდეგ პირველად გაცვალეს ტყვეები.