ზელენსკის თქმით, რუსეთი სოლედარს პროპაგანდის ინსტრუმენტად იყენებს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი სოლედარს პროპაგანდის ინსტრუმენტად იყენებს და განცხადებებით, თითქოს მათ სოლედარი დაიკავეს, კრემლი მხარდაჭერის შენარჩუნებას ცდილობს. 

"ახლა ტერორისტული სახელმწიფო და მისი პროპაგანდისტები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ უკრაინის ქალაქ სოლედარის გარკვეული ნაწილი, ქალაქი, რომელიც თითქმის მთლიანად გაანადგურეს ოკუპანტებმა, მათი ერთგვარი მიღწევაა. ისინი ამას თავიანთ საზოგადოებას აჩვენებენ იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ მობილიზაციას და იმედი მისცენ მათ, ვინც აგრესიას მხარს უჭერს", - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დონეცკის მიმართულებით ბრძოლები გრძელდება და უკრაინა ყველაფერს აკეთებს თავდაცვის გასაძლიერებლად. მისივე თქმით, უკრაინის პოტენციალი იზრდება. ქვეყნის პრეზიდენტმა პარტნიორებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის, ქალაქი სოლედარი ლუგანსკის ოლქში მდებარეობს, ამ ქალაქს რუსეთი ინტენსიურად უტევს. გარდა სიმბოლურისა, სოლედარს რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს, რადგან რუსეთი ქალაქთან ახლოს მდებარე ბახმუტის ალყაში მოქცევასა და მის დაპყრობას ცდილობს. 

ბოლო პერიოდში რუსეთი აქტიურად ავრცელებს ცნობებს, თითქოს სოლედარში მათმა არმიამ წარმატებებს მიაღწია, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები უარყოფს, რომ ქალაქ სოლედარს რუსები აკონტროლებენ.

"რუსები ამბობენ, რომ სოლედარი მათ კონტროლს ექვემდებარება - ეს სიმართლეს არ შეესაბამება. დეტალები, გენერალური შტაბის რეზიუმეში, დაელოდეთ", - თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენელმა. 

რუსეთის მიერ გავრცელებულ ცნობებს უარყოფს ომის კვლევის ინსტიტუტიც (ISW). 

გარდა ამისა, ამერიკელი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ სოლედარის აღება, არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ქალაქ ბახმუტს დაუყოვნებლივ ალყაში მოაქცევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი