
ევრობარომეტრის უახლოესი კვლევის მიხედვით, ევროკავშირის მოქალაქეების უმრავლესობა უკრაინის მხარდაჭერის მომხრეა.
კვლევის თანახმად, გამოკითხული ადამიანების უმეტესობა მხარს უჭერს ევროკავშირის ქმედებებს მიუხედავად იმისა, რომ ომს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარყოფითი გავლენა ექნება. უკრაინისთვის ევროკავშირის ფინანსურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას გამოკითხულთა 73% უჭერს მხარს, პარალელურად, ისინი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასაც ემხრობიან.
აქვე, აღნიშნულია, რომ უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა უფრო პოპულარულია სკანდინავიურ ქვეყნებში, ნიდერლანდებში, ირლანდიასა და პორტუგალიაში, სადაც მხარდაჭერა 90%-ს აღწევს. თავის მხრივ კი საბერძნეთში, სლოვაკეთში, ბულგარეთსა და კვიპროსში გამოკითხულთა ნახევარზე ნაკლებმა აღნიშნა, რომ ისინი ევროკავშირის უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ეთანხმებიან.
ინფორმაციისთვის, გამოკითხვა ჩატარდა 12 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით, გამოიკითხა 26 000-ზე მეტი ადამიანი ყველა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოდან.