უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი აცხადებს, რომ ქალაქ სოლედარში რთული ღამე იყო, თუმცა უკრაინა მას აკონტროლებს. Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ მებრძოლები ცდილობენ ქალაქის ხაზის დაცვას.
"ღამე სოლედარში ცხელი იყო, ბრძოლები გაგრძელდა. მტერმა თითქმის მთელი ძირითადი ძალები დონეცკის მიმართულებით გადმოისროლა და შეტევის მაღალ ინტენსივობას ინარჩუნებს. ჩვენი მებრძოლები გაბედულად ცდილობენ თავდაცვის შენარჩუნებას. ეს არის ომის რთული ეტაპი, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ, ეჭვი არ არის", - წერს მალიარი.
სოლედართან დაკავშირებით რუსეთმა რამდენჯერმე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქი აიღეს, თუმცა აღნიშნულს უკრაინა არ ადასტურებს. ქალაქის ინფრასტრუქტურა თითქმის სრულად განადგურებულია.