ამ დროისთვის სოლედარში 500-ზე მეტი ადამიანი რჩება, მათ შორის 15 ბავშვი - კირილენკო

გამოქვეყნდა:

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკიოს ინფორმაციით, დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარში ამ დროისთვის 559 ადამიანი რჩება. მისივე თქმით, დარჩენილთა შორის 7-დან 15 წლამდე 15 ბავშვია, თუმცა ეს ინფორმაცია დამატებით ზუსტდება.

როგორც მან აღნიშნა, სოლედარში მყოფ ადამიანებს აქვთ საკვების საჭირო მარაგი, ასევე, ჰიგიენური საშუალებები. მისივე თქმით, გუშინ მათ მოახერხეს ქალაქ სოლედარიდან შვიდი ადამიანის ევაკუაცია.

ცნობისთვის, 13 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ქალაქ სოლედარს რუსი სამხედროები აკონტროლებენ. სამინისტრო აღნიშნავდა, რომ სოლედარის კონტროლი მათ ჯარებს საშუალებას მისცემს უკრაინული ძალები ბახმუტიდან განდევნონ.

რუსეთის განცხადებამდე სოლედართან დაკავშირებით ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) წერდა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, აკონტროლებს სოლედარს, თუ მთლიანად არა, უმეტეს ნაწილს მაინც, თუმცა ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ ეს არ გამოიწვევს ბახმუტის გარდაუვალად ალყაში მოქცევას.

გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინა უარყოფს. პენტაგონმა კი განაცხადა, რომ ინფორმაციას ვერ ადასტურებს

ბოლო დღეებია სოლედარს რუსეთი ინტენსიურად უტევს. გარდა სიმბოლურისა, სოლედარს რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს, რადგან რუსეთი ქალაქთან ახლოს მდებარე ბახმუტის ალყაში მოქცევასა და მის დაპყრობას ცდილობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი