უკრაინაში ომის დაწყებიდან უკვე მე-12 თვე დაიწყო.... თითქმის ერთი წელია, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელწმიფო არსებობის უფლებისთვის იბრძვის. მამაცი უკრაინელი ხალხი კი საკუთარ მომავალს იცავს.
მთელი ამ დროის განმავლობაში დასავლელი მოკავშირეები ზედმეტი სიფრთხილით უდგებოდნენ უკრაინის მხარდაჭერას, რომელიც ერთადერთს ითხოვდა - იარაღს საკუთარი თავის დასაცავად.
ამ ერთმა წელმა კი ყველას კარგად დაანახა, რომ რეალურად რუსეთი არა უკრაინის ან საქართველოს, ან მოლოდვას ან რომელიმე სხვა სახელმწიფოს ცალკე აღებული პრობლემაა, არამედ გლობალური საფრთხე, რომელსაც თუ პასუხი არ გაეცი, კიდევ უფრო მეტი ბოროტებას ჩაიდენს. ამ ბოლო რამდენიმე დღეში მოკავშირეებმა უკრაინისთვის იმ შეიარაღების მიწოდება დაიწყეს, რაზეც მანამდე პრინციპულად თავს იკავებდნენ.
გერმანული, ამერიკული, ბრიტანული და ფრანგული ტანკები რუსული ტანკების პირისპირ. თუკი ამგვარი სცენარი ომის პირველ დღეებში ძნელად წარმოსადგენი იყო, სულ რამდენიმე დღეში რეალობა გახდება. ამ ახალ რეალობას კი გარდატეხა მოჰყვება როგორც ფრონტის ხაზზე, ისე დიდ პოლიტიკაში. დღეს უკრაინა უკვე NATO-ს დე-ფაქტო წევრია, როგორც ამას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ამბობს, და შორის არც ის დღე ჩანს, როცა ეს იურიდიულადაც გაფორმდება.