"ელექტროშოკის გამოყენების დროს, წამების შემდეგ, პაციენტებს აღენიშნებათ ამ ტიპის დაზიანებები" - ჯეიმს კობის ჩვენება და ხმაური სასამართლოზე

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე ამერიკელი ექსპერტის ჯეიმს კობის გამოკითხვა დასრულდა.

პროცესზე ჯეიმს კობიმ იმ დაზიანებებზე ისაუბრა, რაც მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება. მისი თქმით, მან მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივა მედში 8 ოქტომბერს მოინახულა. მან ნახა რენტგენის სურათები, რომლითაც დგინდება, რომ მიხეილ სააკაშვილს არაერთი დაზიანება აქვს. მაგალითად, კობის თქმით, სააკაშვილს არ შეუძლია მკვეთრი მოძრაობები, ასევე კისრის მოძრაობა. როგორც ექსპერტმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა ეს დაზიანებები, სავარაუდოდ, გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის დროს მიიღო.

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა ჯეიმს კობის კითხვა დაუსვეს ელექტროშოკის გამოყენებაზეც. კობის თქმით, კვლევებში მას არ უნახავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა დაზიანებები ელექტროშოკით მიიღო, თუმცა აღნიშნა, რომ მის პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევა, როცა მსგავსი დაზიანებები ელექტროშოკით ყოფილა გამოწვეული.

"კვლევისას არ მინახავს, რომ ეს უშუალოდ ელექტროშოკით იყოს გამოწვეული, თუმცა ჩემს კლინიკურ პრაქტიკაში მე ნანახი მაქვს, რომ ელექტროშოკის გამოყენების დროს, მათ შორის წამების შემდეგ, პაციენტებს აღენიშნებათ ამ ტიპის დაზიანებები. მე ძალიან ბევრი პაციენტი მინახავს, რომელსაც განუვითარდა მხრის სახსრის დისლოკაცია ელექტროშოკის გამოყენების შემდეგ", - თქვა ჯეიმს კობიმ სასამართლო პროცესზე ჩართვის დროს.

სასამართლო სხდომაზე კობიმ ასევე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა: "თუ დროულად არ ჩატარდა, ის პრაქტიკულად მოძრაობას ვერ შეძლებს" - თქვა მან.

ჯეიმს კობიმ ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ვერცხლისწყლის შესაძლო აღმოჩენაზეც. კობის თქმით, "ვერცხლისწყალი არის ერთ-ერთი ის ელემენტი, რომელიც ჩვეულებრივ იწვევს სახსრების დაზიანებას"

რაც შეეხება დაცვის მხარის შეკითხვას, ხელს უშლის თუ არა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას სასჯელის მოხდაში, კობიმ აღნიშნული დაადასტურა:

"დიახ ეს ასეა, რადგან ის ყოველდღიურად განიცდის ძლიერ ტკივილს კისრის მიდამოში, სადაც ხდება სპინალურ ნერვზე ზეწოლა და შესაბამისად, ის უფრო და უფრო სუსტდება. მას ტკივილგამაყუჩებლები არ უკეთდება, უკეთდებოდა ვალიუმის ინექციები, რაც არის ზედაპირული დამამშვიდებელი საშუალება, შესაბამისად, ის არის ზედაპირული და არანაირი კავშირი ტკივილის გაყუჩებასთან არ აქვს. ნანახი მაქვს კისრის MRI და ვიცი, რომ მას უახლოეს პერიოდში უნდა გაუკეთდეს ქირურგიული ოპერაცია კისრის მიდამოში", - თქვა მან.

საქალაქო სასამართლოში ჯეიმს კობი თითქმის 3 საათის განმავლობაში იკითხებოდა. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის თქმით, პენიტენციური სამსახური ცდილობდა პასუხი მიეღო ისეთ შეკითხვაზე, რაზე საუბარიც საქმის მასალებში არაა.

კერძოდ, შალვა ხაჭაპურიძემ მოსამართლეს განუმარტა, რომ ჯეიმს კობის დასკვნის საპირისპიროდ, პენიტენციურმა სამსახურმა საკუთარი დასკვნა მოამზადა, რაც დაცვის მხარისთვის არ მიუწოდებია:

"ყველა კითხვა, რაც დასვა ავადმყოფობის ისტორიაში არ წერია. როცა წავიდა ბატონი კობი, მერე დაუძახეს თავის ვიღაცებს, მოახიფირჩითეს იქ რაღაც დიაგნოზები. უდევთ ვივამედში, ჩვენ გამოვითხოვეთ, არ გვაძლევდნენ, თუმცა რაღაც გზებით მაინც მოვიპოვეთ და ახლა პარტიზანულად მოპოვებულ დოკუმენტში...საქმეში არ დევს რასაც ეკითხება", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

მოსამართლემ ამ დასკვნაზე პენიტენციური სამსახური კითხვები ჯეიმს კობის აარიდა.

რაც შეეხება პენიტენციური სამსახურის მხარის პოზიციას, ადვოკატი ამტკიცებს, რომ პენიტენციური სამსახურის დასკვნა საქმის მასალებში იდო:

"საქმის მასალების გარეშე, მე რამდენადაც ვიცი, აქ არ ყოფილა კითხვები დასმული ეს უფრო სამედიცინო ნაწილს ეხება და შეგიძლიათ იქით მხარეს მოიძიოთ. ინფორმაცია მაქვს, რომ ეს დოკუმენტები საქმის მასალებში იყო და თვითონაც დაადასტურა ექსპერტმა რომ მას ნანახი აქვს ეს. მოსამართლემ შეიძლება თქვა, მაგრამ თვითონ ექსპერტმა დაადასტურა, რომ ერთხელ ჩატარებულია MRI 11 ნოემბერს და ამ MRI-ს მე ვიცნობ, ამის მიუხედავად მან თავისი პოზიცია არ შეცვალა და თქვა, რომ მე ვადასტურებ ჩემ დასკვნასო", - თქვა ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა.

სასამართლოს ახლა ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი აძლევს ჩვენებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი