პოლონეთი და ლიეტუვა იმედს გამოთქვამენ, რომ შოლცი უკრაინაში Leopard-ის ტანკების გაგზავნას დათანხმდება

გამოქვეყნდა:

პოლონეთისა და ლიეტუვის ლიდერები იმედს გამოთქვამენ, რომ გერმანია დაუშვებს პოლონეთმა Leopard-ის ტიპის ტანკები უკრაინაში გაგზავნოს.

"თუ ჩვენ გავუგზავნით ბევრ სამხედრო აღჭურვილობას უკრაინის დამცველებს, უახლესი სამხედრო ტექნიკით, მათ აქვთ რუსების შეჩერების პოტენციალი", - თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ.

საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გასულ კვირას პოლონეთმა განაცხადა, რომ ის გეგმავს უკრაინას გაუგზავნოს Leopard-ის ტიპის ტანკები. ტანკები გერმანული წარმოებისაა, ამიტომ პოლონეთს უკრაინაში Leopard-ის გაგზავნისთვის გერმანიის ნებართვა სჭირდება. 

დღეს დავოსში პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის პასუხად, დუდამ იმედი გამოთქვა, რომ გერმანია წინადადებას დათანხმდება.

"მე იმედი მაქვს, რომ ტანკების მწარმოებელი გერმანიაც მიიღებს მონაწილეობას, ამ, ჩემი აზრით, ძალიან კარგ იდეაში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენჯერმე მთხოვა ეს სამხედრო მხარდაჭერა, მან მე მითხრა, ანდჟეი, ჩვენ გვჭირდება თანამედროვე ტანკები, რადგან ახლა ეს ერთადერთი გზაა, რომ შევაჩეროთ რუსეთის შეჭრა", - თქვა დუდამ.

ალიანსში აზრთა სხვადასხვაობის შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხად, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ თქვა, რომ "ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რათა მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინის მხარდასაჭერად".

"მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შოლცი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მე ვიყავი ძალიან მნიშვნელოვანი შემობრუნების მოწმე  გერმანიის აზროვნებასა თუ მენტალიტეტში", - თქვა მან. 

ცნობისთვის, დასავლეთის არაერთმა ქვეყანამ პირობა დადო, რომ უკრაინაში სამხედროებისთვის ტანკებს გააგზავნის, თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვს შოლცს. მისი აზრით, ნებისმიერი ასეთი გეგმა სრულად უნდა იყოს კოორდინირებული დასავლურ ალიანსთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი