
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ომის გადამწყვეტ მომენტში უკრაინას იარაღის გაძლიერებული მიწოდება სჭირდება.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა Reuters-თან ინტერვიუში ისაუბრა. მისი აზრით, უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა ომის მოლაპარაკებების საშუალებით დასრულების ერთადერთი გზაა.
"ეს ომის გადამწყვეტი მომენტია და საჭიროა უკრაინისთვის გაძლიერებული მხარდაჭერა. თუ ჩვენ გვსურს ხვალ მოლაპარაკებების გზით მშვიდობის მიღწევა, უკრაინას დღეს მეტი იარაღი უნდა მივაწოდოთ", - თქვა სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის, 20 იანვარს გერმანიაში რამშტაინის მორიგი შეხვედრა გაიმართება, რომელსაც 50 ქვეყნის თავდაცვის ლიდერი დაესწრება. Reuters-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ შეხვედრის მთავარი ფოკუსი იქნება დათანხმდება თუ არა გერმანია უკრაინაში Leopard-ის ტიპის ტანკების გაგზავნას. ამ ტანკების გადაცემაზე გასულ კვირას პოლონეთმა განაცხადა, ის გერმანული წარმოებისაა, ამიტომ პოლონეთს უკრაინაში Leopard-ის გაგზავნისთვის გერმანიის ნებართვა სჭირდება.
Reuters წერს, რომ საკითხზე საუბრისას სტოლტენბერგმა ინტერვიუში სიფრთხილე გამოიჩინა, თუმცა ტანკების გადაცემასთან დაკავშირებით ბრიტანეთის გადაწყვეტილებას მიესალმა.