"გაუგებარია განცხადებები, რომ უკრაინამ საქართველოსგან „ბუკის“ სისტემების უფასოდ გადაცემა ითხოვა" | კასიანოვი

გამოქვეყნდა:

"გაუგებარია განცხადებები, რომ უკრაინამ საქართველოსგან „ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების უფასოდ გადაცემა ითხოვა", - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" ეთერში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი საუბრობს.

ამბობს, რომ უკრაინას იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადაცემა ან შესყიდვა სურს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მისამართზე ამ თემაზე 30 ოფიციალური მოთხოვნაც გაიგზავნა, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღიათ. 

„უკრაინის მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორისადმი, მათ შორის საქართველოსადმი იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და სხვა საარტილერიო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით თხოვნაში. იარაღი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. ჩვენთვის გაუგებარია ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები, კერძოდ, პარლამენტის ვიცე სპიკერის, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბოლო განცხადებები, რომ უკრაინამ ითხოვა „ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების უფასოდ გადაცემა. მინდა ვთქვა, ამასთან დაკავშირებით და ხაზი გავუსვა, რომ უკრაინამ გაგზავნა საქართველოში, თავდაცვის სამინისტროს მისამართზე უკვე 30 ოფიციალური მოთხოვნა. უკრაინის საელჩოს მიერ ბოლო იყო გაგზავნილი 12 იანვარს და მოთხოვნები უპასუხოდ დარჩა. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ შეიძლება მოხდეს იარაღის და სამხედრო ტექნიკის გადაცემა ან შესყიდვა.

უკრაინა ადასტურებს მზადყოფნას, შეისყიდოს ისინი საქართველოსგან ურთიერთსასარგებლო პირობებით. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ უკრაინა ეწინააღმდეგება ამ საკითხის საქართველოს შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში გამოყენებას და ოფიციალურად უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით.

უკრაინული მხარე ხაზს უსვამს საქართველოს საიმედო მოკავშირეების წრის ჩამოყალიბებისა და მისი უსაფრთხოების რეალური გარანტიების მნიშვნელობას. სწორედ ასეთი პოზიციებიდან ვაფასებთ და განვიხილავთ საქართველოს მონაწილეობას მოკავშირეთა, პარტნიორების ფართო კოალიციის ფორმატში, რამშტაინის ფორმატში, თითოეული ქვეყანა შეიძლება იყოს როგორც დონორი, ასევე სამხედრო დახმარების მიმღები, მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა ეს ფორმა იმისათვის, რომ ძველი შეიარაღება მოიშოროს და ახალი იყიდოს“, - განაცხადა კასიანოვმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი