
"ქართველი პოლიტიკოსების პრორუსული რიტორიკა არ შეესაბამება უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობების სულისკვეთებას და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში წევრობის კურსს", - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკი, ოლეგ ნიკოლენკო თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი საჰაერო კავშირების აღდგენის განზრახვას.
"თბილისი და მოსკოვი ერთმანეთს უსაყვედურებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ რუსეთის დაუსჯელი დანაშაულებისა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ფონზე. ჩვენ ასევე მიგვაჩნია, რომ ასეთი პრორუსული რიტორიკა არ შეესაბამება უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობების სულისკვეთებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კურსს გახდეს ევროკავშირის წევრი", - თქვა ნიკოლენკომ.
მან შეახსენა, რომ უკრაინა, როგორც ხელისუფლების, ისე ხალხის დონეზე, ყოველთვის საქართველოს გვერდით იდგა, განსაკუთრებით კი მისი ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს დღეებში.
"ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მხრიდან უკრაინასთან ეფექტური სოლიდარობის არარსებობა რუსეთის მცდელობის ფონზე, გაანადგუროს უკრაინელები გენოციდურ ომში, არის პოლიტიკური სისასტიკე. საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების მხრიდან ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგობის გაწევაში და უკრაინის ტერიტორიის დეოკუპაციაში, შეესაბამება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს ინტერესებსაც", - თქვა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ ლავროვს გამოეხმაურა "ოცნების" თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძის თქმით, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა "მისასალმებელი იქნება".