"უკრაინა ევროკავშირია და ევროკავშირი უკრაინაა" | შარლ მიშელის გამოსვლა რადაში

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირია, ევროკავშირი კი უკრაინა.

მიშელი იმედოვნებს, რომ უკრაინელი მალე დაიკავებს მის პოსტს, როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, ევროპარლამენტის ან ევროკომისიის პრეზიდენტი.

"24 თებერვლის დილის საათებში ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამირეკა. მან მითხრა, ეს თავდასხმაზე მეტია, ეს არის უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბური ინტერვენცია. იმავე საღამოს მე მივიწვიე, რომ მას მიემართა ევროპული საბჭოსადმი. მან გვითხრა, რომ შესაძლოა, მას ცოცხალს უკანასკნელად ვხედავდით, ლიდერები შოკირებულნი იყვნენ. ეს იყო გარდამტეხი მომენტი, საჭირო იყო უკრაინისთვის თამამი გადაწყვეტილებები. ჩვენ ასევე მყისიერად გავაცნობიერეთ, რომ სასწორზე არა მხოლოდ უკრაინის ბედი იდო. სასწორზე ასევე იდო ჩვენი ევროკავშირის ბედი, კონტინენტის მომავალი და ყველაფერი, რისიც სჯეროდათ ევროკავშირის დამფუძნებელ მამებს. ექვს თვეზე ნაკლებ დროში, ივნისში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე კვირით ადრე ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო: ჩვენ გადავწყვიტეთ, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიგვენიჭებინა. ასე რომ, ევროკავშირის წევრობის კითხვას პასუხი გაეცა. უკრაინა ევროკავშირია და ევროკავშირი უკრაინაა. ჩვენ მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ, რომ ეს დაპირება რაც შეიძლება მალე ვაქციოთ რეალობად. ვიმედოვნებ, მალე უკრაინელი დაიკავებს ჩემს პოსტს, როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, ევროპარლამენტი ან ევროკომისიის პრეზიდენტი" - ამბობს შარლ მიშელი.

გარდა ამისა, როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, ევროკავშირს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაეხმაროს უკრაინას ბრძოლის ველზე გამარჯვებაში.

"უახლოესი კვირები და თვეები გადამწყვეტი იქნება. თქვენ მეტი გჭირდებათ. მეტი თავდაცვის სისტემა, შორ მანძილზე მოქმედი მეტი რაკეტა, აღჭურვილობა და თქვენ გჭირდებათ ტანკები ახლავე" - თქვა  მიშელმა.

მისი თქმით, ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს რუსეთის იზოლაციისთვის.

გარდა ამისა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს პრეზიდენტ ზელენსკის "მშვიდობის ფორმულას". 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი