
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ "ვაგნერი" ახლა უკრაინაში 50 000-მდე დაქირავებულ მებრძოლს ხელმძღვანელობს.
დაზვერვა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბოლო დროს "ვაგნერი", რომელიც ადრე ჩრდილში იყო, სულ უფრო ხშირად ჩნდება საჯარო სივრცეში. განახლებაში აღნიშნულია, რომ 2022 წლის 27 დეკემბერს რუსეთში "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლების ჯგუფი ოფიციალურ იურიდიულ პირად დარეგისტრირდა.
ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, "ვაგნერის" სარეგისტრაციო დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ჯგუფის მთავარი საქმიანობა "სამენეჯმენტო კონსულტაციაა" და არაფერი წერია სამხედრო საქმიანობაზე.
უწყება აღნიშნავს, რომ რუსული კანონის მიხედვით, ქვეყანაში დაქირავებული სამხედრო კომპანიების საქმიანობა აკრძალულია, შესაბამისად "ვაგნერის ჯგუფი" არალეგალური უნდა იყოს. ამის გამო, ბრიტანულმა დაზვერვამ ჯერ არ იცის თუ როგორ გამოიყენებენ ოფიციალურად რეგისტრირებულ ორგანიზაციას "ვაგნერის" მებრძოლებთან საურთიერთოდ.
"ახლა უკრაინაში "ვაგნერი" დაახლოებით 50,000-მდე მებრძოლს ხელმძღვანელობს და ეს ორგანიზაცია უკრაინაში ომის მთავარი კომპონენტი გახდა. ორგანიზაციის ოფიციალურად რეგისტრაცია, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს პრიგოჟინის კომერცოიული მოგების ზრდას და დამატებით ლეგიტიმაციას ამ კარგად ცნობილი ორგანიზაციის", - წერს ბრიტანეთის დაზვერვა.