
ამერიკელი სენატორები ლინდსი გრეჰემი, რიჩარდ ბლუმენტალიუ და შელდონ უიტჰაუსი 20 იანვარს უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გრეჰემის ოფისი ავრცელებს.
"ჩვენ, სამივე ერთად, ერთი რესპუბლიკელი და ორი დემოკრატი, ვიზიარებთ ერთ მიზანს - უკრაინამ რუსები უკრაინიდან განდევნოს. ამ მიზნის მისაღწევად უკრაინელ სამხედროებს სჭირდებათ ტანკები. დავიღალე აბსურდული სპექტაკლით, ვინ აპირებს ტანკების გაგზავნას და როგორ აპირებენ ამას. პუტინი ცდილობს იარაღის ძალით გადაწეროს ევროპის რუკა. მსოფლიო წესრიგი საფრთხის ქვეშ დგას", - ნათქვამია სენატორ გრეჰემის განცხადებაში.
შეხვედრა მას შემდეგ გაიმართა, რაც რამშტაინის სამიტზე გერმანიამ მოკავშირე ქვეყნებთან უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის ტანკების გაგზავნაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია.
"გერმანელებს: გაუგზავნეთ ტანკები უკრაინას, რადგან ეს მათ სჭირდებათ. თქვენს ეროვნულ ინტერესებში შედის, რომ პუტინი უკრაინაში დამარცხდეს. ბაიდენის ადმინისტრაციას: გაგზავნეთ ამერიკული ტანკები, რათა სხვებმა მაგალითი აიღონ და იგივე გააკეთონ", - ნათქვამია გრეჰემის განცხადებაში.
Leopard-ის ტიპის ტანკები თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობაა, რომელიც რუსეთთან ომში კიევის ძალებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.