
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კომპანია "Air France"-თან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია და ის ფრენებს აგვისტოს დასაწყისიდან შეასრულებს. ამ თემაზე თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
თქვენ იცით, რომ იმ ხუთი ქვეყნის ფარგლებში, ვინც ჩვენ უპირობოდ გაგვიხსნა საზღვრები, ვსაუბრობდით პირდაპირი რეგულარული ფრენების აღდგენაზე აგვისტოში. გერმანიის შემთხვევაში Lufthansa მეშვეობით მოლაპარაკება შედგა და კომპანიამ უკვე გამოაქვეყნა ფრენების განრიგი და ბილეთებიც გაყიდვაშია. შემდეგი ნაბიჯი გადასადგმელი იყო Air France-თან და დღეს ჩვენ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება და დავუდასტურეთ კომპანიას აგვისტოს დასაწყისიდან, ზუსტ თარიღს უკვე კომპანია განსაზღვრავს, მას შეეძლება კვირაში ორჯერ რეგულარული ფრენები განახორციელოს, - თქვა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, მოლაპარაკებები გრძელდება "ერაბალტკიკთან" თბილისი-რიგას მიმართულებაზე.
საქართველომ ევროკავშირის ხუთ ქვეყანას - გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვარი უპირობოდ 8 ივლისს გაუხსნა. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი, 1 ივლისიდან საზღვრებს 14 ქვეყანას, მათ შორის, საქართველოსაც გაუხსნიდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს ცის გახსნა არაერთხელ გადადო. თავდაპირველი ინფორმაციით, ცა მაისის ბოლოდან უნდა გახსნილიყო. ამის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენები 1 ივლისიდან უნდა
განახლებულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს თარიღი კიდევ ერთი თვით, პირველ აგვისტომდე გადავადდა.