
ესპანეთი შეუერთდება იმ ევროპული ქვეყნების კოალიციას, რომელიც უკრაინაში ლეოპარდის ტიპის ტანკების გასაგზავნად შეიქმნა. სამხედრო დახმარების ზოგად პაკეტში, ესპანეთის მონაწილეობის ვარიანტები ახლა განიხილება.
როგორც El Pais იტყობინება, პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა კონგრესის პლენარულ სხდომაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გერმანული ტანკების მიწოდების შესახებ კითხვაზე უპასუხა, რომ "სურს ნახოს, როგორ მიდიან ევროპის ქვეყნები ამ კუთხით „ხელჩაკიდებულნი“.
„ჩვენ ვაპირებთ, რომ ვიყოთ ერთიანი და კოორდინირებას ვუწევთ ჩვენს მოქმედებებს სხვა მოკავშირეებთან და, უპირველეს ყოვლისა, ევროპასთან“, - განაცხადა სანჩესმა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ესპანეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები ამჟამად მსჯელობენ, თუ რა წვლილი უნდა შეიტანოს სახელმწიფომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების პროგრამაში.
ჟურნალისტების ინფორმაციით, ევროპული და ნატოს წევრი ქვეყნების ნაწილი უკრაინას "ლეოპარდებით" საკუთარი რეზერვებით უზრუნველყოფს, ნაწილი კი დაფინანსებაში დაეხმარება. ესპანეთი ამჟამად განიხილავს ორი ვარიანტიდან რომელი აირჩიოს.
გუშინ, 24 იანვარს, Spiegel-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დათანხმდა უკრაინაში "ლეოპარდების" გაგზავნას.
ცოტა ხნის წინ, ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. გერმანია უკრაინაში 14 ერთეულ ლეოპარდ 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის.