თორნიკეს გარდაცვალების ღამეს მასთან სახლში იყო მინიმუმ ორი პირი, ერთ-ერთმა დაურეკა თორნიკეს დედას და დაემუქრა - მეგობარი

გამოქვეყნდა:

აქტივისტი, გიორგი ფხალაძე ამბობს, რომ თორნიკე ნანობაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გამოძიება, დიდი ალბათობით, "ხელს აფარებს გავლენიან ადამიანებს". მისივე თქმით, საქმეზე  გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული, თუმცა დღემდე ოჯახს არ აქვს დაზარალებული სტატუსი, რის გამოც საქმის მასალებზე წვდომა ეზღუდება.

"საგამოძიებო მოქმედებები თავიდანვე არადამაჯერებლად და არასანდოდ გამოიყურებოდა, ამიტომ ჩვენ, თორნიკეს მეგობრებმა და ნათესავებმა გამოვარკვიეთ, რომ თორნიკეს გარდაცვალების ღამეს მასთან სახლში იმყოფებოდა მინიმუმ ორი პიროვნება, მათი ვინაობაც დავადგინეთ და გამოძიებას მივაწოდეთ ინფორმაცია.

გამოძიება მათ გამოკითხვას არ ჩქარობდა, სამაგიეროდ იმ ორიდან ერთ-ერთმა დაურეკა თორნიკეს დედას დაემუქრა, რომ პრობლემებს შეუქმნიდა, თუ მას თავს არ დაანებებდნენ.

სწორედ ამის შემდეგ ოჯახს უჩნდება გარკვეული ეჭვები, ხომ არ არის რაიმე სახით ეს პიროვნება თორნიკეს გარდაცვალებასთან კავშირში?" - წერს ფხალაძე. 

მისივე თქმით, აღნიშნულმა პირმა იცოდა, თუ როდის უნდა გამოკითხულიყვნენ თორნიკეს მშობლები. აქტივისტი წერს, რომ ამ პირის ოჯახი საკმაოდ გავლენიანია და დაახლოებულია ხელისუფლებასთან.

"გარდაცვალების ღამეს მყოფი პირები გამოძიებამ დაგვიანებით გამოკითხა, მაგრამ ჩვენ გვაქვს გამოძიებასთან კითხვები.

თუ ამ პირებს არანაირი დანაშაული არ მიუძღვით თორნიკეს გარდაცვალებასთან, რატომ დასჭირდათ დარეკვა და მუქარა? რატომ დასჭირდათ გავლენიანი ახლობლების ჩარევა? რატომ აწვდის გამოძიება მას საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას? რატომ არ აქვს დაზარალებულის სტატუსი თორნიკეს ოჯახს?" - წერს ის.

ის ამბობს, რომ გამოძიებას დღემდე არ ამოუღია კამერების ჩანაწერები, რომლითაც დადგინდებოდა როდის მივიდნენ აღნიშნული პირები და წამოვიდნენ თორნიკეს სახლიდან, მიზეზი კი ისაა, რომ სასამართლოს განჩინება არ არსებობს.

ცნობისთვის, თორნიკე ნანობაშივილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 10 იანვარს გავრცელდა. წარსულში ის პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებდა, რაზეც მოკვლევა დაიწყო:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი