ის, რომ ჩვენ არ ვართ საპყრობილეში, ნიშნავს, რომ აბსურდული საქმე, ფულის გათეთრება არ არსებობს - ხაზარაძე სააპელაციოს გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნდა:

ვერც პირველმა ინსტანციამ და ვერც მეორემ, სიტყვა ვერ თქვეს, რომ ფულის გათეთრება არ ყოფილა და ჩვენ ვართ მართლები. ის, რომ მე თქვენს წინაშე ვდგავარ, 4 წელია მიმდინარეობს ეს სასამართლო და ჩვენ არ ვართ საპყრობილეში, ნიშნავს, რომ აბსურდული საქმე, ფულის გათეთრება არ არსებობს - ასე ეხმაურება "ლელო საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი დამნაშავედ ცნო თაღლითობაში, თუმცა ხანდაზმულობის მოტივით, პატიმრობა არ შეეფარდათ: 

მამუკა ხაზარაძის შეფასებით, "ფულის გათეთრების" ბრალდება აბსურდულია, სამართლებრივი ნონსენსია და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. 

ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენ აქ იმიტომ ვდგავართ და იმიტომ არ ვართ საპყრობილეში, რომ საქმე იყო ხანდაზმული, არა მეგობრებო - პროკურატურას არ წაუყენებია ამ საკითხზე ბრალდება და ეს მოიგონა მოსამართლემ - პირველ ინსტანციაში არევაძემ და ახლა დაადასტურა ჯორბენაძემ. ეს არის ის სასამართლო, რომელიც შექმნა ივანიშვილმა და გადმოიბარა წინა ხელისუფლებისგან და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოსამართლეები გაასამართლებენ ისევ ქართული ოცნების ლიდერებს, ვინც ამას პოლიტიკურ მხარდაჭერას უკეთებენ." ამბობს ხაზარაძე და მიმართავს ბიზნესმენებს, რომ არ შეშინდნენ. 

მისივე თქმით, სააპელაციოს გადაწყვეტილებაც გასაჩივრდება უზენაესში, მიუხედავად იმისა, რომ იქ ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, თადუმაძე დახვდებათ:

"ჩვენ დღესვე მივმართავთ ადვოკატებს და გავასაჩივრებთ უზენაესში. დარწმუნებულ ვარ, იქ დაგვხვდება ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, რომელიც იყო პროკურორი, რომელმაც დაიწყო ჩვენ წინააღმდეგ საქმე და ახლა მივდივართ როგორც მოსამართლესთან, რომელმაც სამართალი უნდა გამოიტანოს. ეს არის აბსურდის თეატრი, აბსურდის ქვეყანა და ასე ვერ გაგრძელდება. თითოეულ მოქალაქეს ვპირდები, რომ ბრძოლა გაგრძელდება"განაცხადა ხაზარაძემ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი