თურქეთმა სტოკჰოლმში მომხდარი ინციდენტის გამო NATO-ს გაფართოების შესახებ სამმხრივი შეხვედრა გააუქმა, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, სერბეთის პირველ ვიცეპრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ივიცა დაჩიჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"დღევანდელ პირობებში სამმხრივ შეხვედრას აზრი არ აქვს. გადაიდო, რადგან არსებული მდგომარეობა მასზე იმოქმედებდა, ატმოსფერო არ იქნებოდა ჯანსაღი. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ შვედეთს არ გადაუდგამს სერიოზული ნაბიჯები შეთანხმების შესასრულებლად", - თქვა ჩავუშოღლუმ.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთში ყურანის დაწვა სიძულვილის დანაშაული და რასისტული ქმედება იყო, ხოლო "შვედეთის მთავრობა დანაშაულის პარტნიორი ამ საზიზღარი ქმედების დაშვებით გახდა"
მისივე თქმით, პროვოკაციის ორგანიზატორების ერთ-ერთი მიზანი შვედეთის ნატოში გაწევრიანებისთვის ხელის შეშლაა:
"შვედეთმა უნდა გადაწყვიტოს: სურს თუ არა ნატოში გაწევრიანება? ამ ქმედებების ერთ-ერთი მიზანია შვედეთის ნატოში გაწევრიანების თავიდან აცილება. ისინი თანამშრომლობენ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან და წევრობის პროცესში ნაღმებს ყრიან. შვედეთმა კი ეს ნაღმები უნდა გააუვნებელყოს", - თქვა მინისტრმა
ცნობისთვის, შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადაწყვიტეს. ალიანსში მათ გაწევრიანებას ყველა წევრი სახელმწიფო უნდა უჭერდეს მხარს.
შეგახსენებთ, რომ სტოკჰოლმში ყურანის საჯარო დაწვის შემდეგ თურქეთმა შვედეთისგან ნატოში ქვეყნების გაწევრიანებასთან და ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით სამმხრივი მემორანდუმის შეთანხმებების შესრულება მოსთხოვა.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანის დაწვა დაგმო. პროკურატურამ კი დანაშაულის არარსებობის გამო საქმის გახსნაზე უარი განაცხადა.
მოგვიანებით, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ შვედეთი არ უნდა ელოდეს თურქეთის მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანებაში, რადგან ის რელიგიური მრწამსისადმი უპატივცემულობას გამოხატავს და მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაციებს.