უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის მიერ რუსეთის ატომური ენერგიის სექტორისთვის დაწესებულ სანქციებს. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ადგილობრივ რადიოსთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ უნგრელების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნებს, რომ სანქციები უკრაინას არ დაეხმარება და ეს ძალიან ძვირი უჯდებათ გადასახადების გადამხდელებს.
"მე ვთხოვე ჩვენს თანამშრომლებს დაეთვალათ, თუ რა უჯდება უნგრეთს სანქციები. შედეგების მიხედვით კი, სანქციების გამო, უნგრეთი 3,760 მილიარდ უნგრულ ფორინტს დაკარგავს წელიწადში. ეს არის თუ რამხელა ზრდას კარგავს ქვეყანა", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ცნობისთვის, უკრაინული მხარე ევროკავშირის 27 ქვეყანას მოუწოდებს, რომ სანქციებში ჩართოს რუსული სახელმწიფო ბირთვული ენერგიის კომპანია - Rosatom, თუმცა მოთხოვნას უნგრეთი ეწინააღმდეგება.
უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას იმითი ამყარებს, რომ ქვეყანაში ერთადერთ ატომური ელექტროსადგური რუსული კომპანიის მიერ არის აშენებული. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, იგი უნგრეთის 50%-ზე მეტს აწვდის ელექტროენერგიას.