
"რუსეთის ძალებს საკმარისი დრონები მხოლოდ რამდენიმე ფართომასშტაბიანი შეტევისთვის აქვთ, თუ მათ არ მიიღეს ან მალე არ მიიღებენ დრონების ახალ პარტიას ირანიდან" - ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ყოველდღიურ განახლებაში ვკითხულობთ.
ISW განახლებაში წერს, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ 7 იანვრის მდგომარეობით რუსებს დარჩენილი ჰქონდათ ირანული წარმოების 90 დრონი.
რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი 23 იანვარს თეირანში შეხვდა ირანის პრეზიდენტს ორმხრივი თანამშრომლობის მცდელობების გასაფართოებლად. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საუბარი შესაძლოა მოიცავდეს დისკუსიებს რუსეთისთვის ირანული იარაღის სისტემების მიწოდებაზე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი აქტიურად იყენებს ირანულ დრონებს უკრაინაში თავდასხმების განსახორციელებლად. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, 26 იანვარს უკრაინის წინააღმდეგ მასიური საჰაერო თავდასხმის დროს რუსეთმა ირანში დამზადებული 17 თვითმკვლელი დრონი გამოიყენა.