"პაციენტის მდგომარეობა დღეისთვის არის არა მძიმე, ან საშუალოდ მძიმე, არამედ უკიდურესად მძიმე", - ასე აფასებს ექიმი ენდოკრინოლოგი, ლალი ჯავაშვილი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ექიმმა სასამართლო სხდომაზე, სადაც მოწმის სახით იკითხებოდა, კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს კახესიური მდგომარეობა და იგი არა თუ არ, არამედ ვერ იღებს საკვებს.
"დღეს პაციენტის წონა არის 69 კილოგრამი. განსხვავება [დაკავების დროს წონასთან] გახლავთ წონისა 45 კილოგრამი. პრაქტიკურად 30 პროცენტზე მეტი წონის კლების პროცესი ავტომატურად ითვალისწინებს კახესიას. ფაქტი არის სახეზე, ჩვენ ნამდვილად გვაქვს კახექსიური მდგომარეობა. არ ჭამს თუ ვერ ჭამს, მე სულ მიმაჩნდა რომ პაციენტი ვერ იკვებება, რადგან მას მთელი რიგი გარემოებები უშლის ამაში ხელს. მე ექიმი, როგორც ენდოკრინოლოგი და ნუტრიციოლოგი ასვე, მყარად განვაცხადებ და არაფრით ჩემს სიტყვებს უკან არ წავიღებ, რომ პაციენტი ვერ იკვებება. კახექსიური მდგომარეობა არის იქამდე მისული, რომელიც ალბათ რამდენიმე დღეში გამოწვევს პოლიორგანული უკმარისობის დაწყებას. თავისთავად ცხადია ამ ყველაფერს ჰქვია უკიდურესად მძიმე", - ამბობს ლალი ჯავაშვილი.
სასამართლოს სხდომაზე ჯავაშვილ პოლიფარმაციის პრობლემაზეც საუბრობს, მისი თქმით მესამე პრეზიდენტს 10 და მეტი წამლით მკურნალობდნენ, როცა, ექიმის თქმით, 5 პრეპარატზე მეტი საერთოდ არ მუშაობს.
მისივე თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ასე გაგრძელდა, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი გარდაიცვალოს.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებისა ან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების შუამდგომლობაზე მსჯელობენ. იხილეთ ასევე: