ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადების გამო, უწყებაში დაიბარა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სამთავრობო მედია ავრცელებს.
მიხაილო პოდოლიაკი 29 იანვარს Twitter-ზე გავრცელებული განცხადებით, ირანის ქალაქ ისპაჰანში სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს "ომის ლოგიკა" იყო, რომელიც მკაცრად სჯის უკრაინაში როგორც ომის მონაწილეებს, ასევე მათ დამხმარეებს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ირანულმა მხარემ დიპლომატს საპროტესტო ნოტა გადასცა და უკრაინელი მაღალჩინოსნებისგან "სასწრაფო განმარტებები" მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ ისპაჰანში მდებარე სამხედრო ობიექტზე დრონებით თავდასხმა 28 იანვრის ღამეს მოხდა. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ განახორციელა თავდასხმა. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ირანის სამხედრო ქარხანაზე დარტყმა ისრაელმა განახორციელა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.