ჩვენ რომ საკმარისად მამაცი ვყოფილიყავით, რომ უკრაინა NATO-ში შეგვეყვანა, კატასტროფას თავიდან ავიცილებდით - ჯონსონი

გამოქვეყნდა:

"პუტინმა გზა გაუხსნა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას" - ამ სათაურით დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა Washington post-ში სტატია გამოაქვეყნა.

სტატიაში ჯონსონი 2008 წელს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დასავლეთის პოლიტიკას აკრიტიკებს და წერს, რომ "ღია კარის" პოლიტიკა სინამდვილეში მესიჯი იყო პუტინისთვის, რომ უკრაინა ალიანსში არ გაწევრიანდებოდა.

ჯონსონის აზრით, პუტინი უკრაინაში არ შეჭრილა იმიტომ რომ არ სურდა ქვეყნის NATO-ში გაწევრიანება, არამედ ქვეყანას თავს დაესხა, რადგან მას სურდა საბჭოთა კავშირის აღდგენა.

"ჩვენ წლების განმავლობაში ვეუბნებოდით უკრაინელებს, რომ NATO-ში გვაქვს "ღია კარის" პოლიტიკა და რომ მათ აქვთ უფლება "აირჩიონ საკუთარი ბედი" და რომ რუსეთს არ უნდა შეეძლოს ვეტოს გამოყენება.

და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ღიად ვანიშნებდით მოსკოვს, რომ უკრაინა არასოდეს გაწევრიანდება ალიანსში, რადგან NATO-ს ამდენი წევრი თავად გამოიყენებს ვეტოს.

პრინციპში: კი, პრაქტიკაში: არა - ეს იყო მესიჯი.

და რა შედეგი მოიტანა ამ ყველაფერმა? რას მივაღწიეთ რბილად ლაპარაკით?

შედეგი არის ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე საშინელი ომი ევროპაში. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაანადგურა უამრავი სიცოცხლე, სახლი, იმედი და ოცნება. მან ასევე გაანადგურა მის მიმართ თანაგრძნობის ან მისი პარანოიისადმი იუმორით შეხედვის ძალიან მცირე მიზეზიც კი.

[...]

პუტინი უკრაინაში არ შეჭრილა იმიტომ რომ ფიქრობდა, უკრაინა NATO-ში გაწევრიანებას აპირებდა. მან ყოველთვის იცოდა, რომ ეს ნაკლებად სავარაუდო იყო. ის თავს დაესხა უკრაინას, რადგან სჯეროდა - უამრავი მტკიცებულებით - რომ ჩვენ სერიოზული არ ვიყავით უკრაინის დაცვაზე. ის თავს დაეხა უკრაინას, რადგან სურდა ძველი საბჭოთა იმპერიის აღდგენა და იმიტომ, რომ სულელურად სჯეროდა, რომ ის გაიმარჯვებდა.

ჩვენ რომ საკმარისად მამაცი და თანმიმდევრული ვყოფილიყავით იმისთვის, რომ უკრაინა NATO-ში შეგვეყვანა, რეალურად რომ გვეგულისხმა ის, რასაც ვამბობდით, მაშინ ეს სრული კატასტროფა თავიდან იქნებოდა აცილებული", - წერს ბორის ჯონსონი.

ჯონსონის ასევე წერს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პროცესი ახლავე უნდა დაიწყოს.

"უკრაინას უნდა მიეწოდოს ყველაფერი, რაც მას ამ ომის დასასრულებლად სჭირდება, რაც შეიძლება სწრაფად და ჩვენ უნდა დავიწყოთ უკრაინის NATO-ში მიღების პროცესი და უნდა დავიწყოთ ახლა", - წერს ჯონსონი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი