კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, პოეტ პაოლო იაშვილის შემოქმედების დასაცავად სამინისტროს დაფინანსებით გამოიცა ახალი წიგნი სახელწოდებით - "ელენე დარიანის დღიურები – ტექსტი და ავტორი პაოლო იაშვილი".
სამინისტრო ამბობს, რომ პოეტის ავტორობაში დაეჭვება განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო მაშინ, როცა მავანთ მისი ცხოვრებისა და შემოქმედების მოწმეთა უმრავლესობა ცოცხალი აღარ ეგულებოდათ.
უწყების აზრით, პაოლო იაშვილის შემოქმედების ეჭვქვეშ დაყენების მცდელობა იყო 2021 წლის ბოლოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის მიერ კრებულის - "ელენე ბაქრაძე-დარიანი" - გამოცემა.
"კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და ხელშეწყობით, ჩვენი დაფინანსებით გამოიცა წიგნი, წიგნი, რომელიც ეძღვნება ერთის მხრივ პაოლო იაშვილის 130 წლისთავს დაბადებიდან, რომელიც შარშან შესრულდა და ასევე, მისი შემოქმედების დაცვას მავანთაგან, რომლებმაც შარშან და შარშანწინ, ლიტერატურის სახელწმიფო მუზეუმის ზოგიერთი წარმომადგენლის თაოსნობით, გადაწყვიტეს შეებღალათ პაოლოს, კომუნისტური რეჟიმის მიერ განადგურებული ამ სიცოცხლის, ამ დიდი ქართველის შემოქმედება. შეებღალათ იმით, რომ წაერთმიათ პაოლოსთვის მისი შემოქმედება და მიეწერათ ეს ვინმე ელენე ბაქრაძისთვის. ეს წარმატება მათ ვერ მოიპოვეს, კრახით დასრულდა მათი ეს მცდელობა და ჩვენ ეს სამარცხვინო პლაგიატის ფაქტი სამინისტრომ აღკვეთა", - თქვა წულუკიანმა.
კულტურის სამინისტრო ამბობს, რომ პაოლო იაშვილის ლიტერატურული მემკვიდრეობის იდენტიფიკაცია და დადასტურდება, რომ პოლემიკა, რომელიც ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ხელმძღვანელობის მხრიდან პოლიტიკურ დისკურსში გადაიზარდა, უსაგნოა და მას მხოლოდ პლაგიატი უდევს საფუძვლად.