
უკრაინის უმაღლეს რადაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ დადგენილების პროექტი დაარეგისტრირეს, - ინფორმაციას საკუთარ telegram არხზე "ხალხის მსახურის" ხელმძღვანელი, ოლენა შულიაკი ავრცელებს.
"დარეგისტრირებულია დადგენილება 8417-ის პროექტი უკრაინის უმაღლესი რადას საქართველოსადმი, ევროპარლამენტისადმი, ევროპული საბჭოსადმი, ევროკომისიისადმი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისადმი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებისადმი, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მიმართვის შესახებ" - წერს შულიაკი
დოკუმენტს ხელი 90-მა სახალხო დეპუტატმა მოაწერა.
"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ახლა უკრაინის მოქალაქე, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ამიტომ ქართულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე შექმნას პირობები მის ერთ-ერთ ევროპულ ან ამერიკულ კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანისთვის" - წერს შულიაკი
შეგახსენებთ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფა და გადასცეს ის უკრაინას.