შსს-სთან, აქციაზე დაკავებული სამი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

აქციაზე დაკავებული სამი პირი, ზვიად კუპრავა, ლაშა ცუცქირიძე და ოთო შენგელია ხელწერელის საფუძველზე გაათავისუფლეს. შს სამინისტროს კახეთის გზატკეცილზე მდებარე შენობის დატოვების შემდეგ, ისინი კვლავ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. 

ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა გზის სიმბოლურად გადაკეტვა დააპირეს და პოლიცია აქციის "ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული!" მონაწილეებს დაუპირისპირდა. 

მოძრაობა "შეცვალე", "სირცხვილია", "გაბედე" და ორგანიზაცია "დემოკრატიული მომავლისთვის" შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს ლოზუნგით - ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული!

შეგახსენებთ, რომ დღეს, 22 ივლისს, 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი, 5-დღიანი გაუჩინარების შემდეგ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარი მანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი იპოვეს. 

გუშინ, 21 ივლისს კი, თბილისის ზღვაზე, 2 არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს. სამაშველო სამსახური და მყვინთავები ზღვაში შესულ ბავშვებს 6 საათის განმავლობაში ეძებდნენ. აღსანიშნავია, რომ თბილისის ზღვაზე არ არიან დარაჯები ან მაშველები, არ არის გამაფრთხილებელი აბრები, შესაბამისად ტერიტორია მეტ წილად დაუცველია. 

ასევე გასულ კვირას, 19 ივლისს, ქუთაისში 30 წლამდე ქალი მეზობლებმა მოკლული იპოვეს. ადგილობრივების თქმით, ქალი რამდენიმე წუთის განმავლობაში შველას ითხოვდა, მას შემდეგ კი, რაც ხმაური შეწყდა, დაახლოებით ორ საათში, მეზობლები მის სახლში ავიდნენ, თუმცა, პასუხი არავინ გასცათ. საქმეზე რამდენიმე პირია დაკავებული, მათ შორის 2 დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. 

უკვე 1 თვეზე მეტია კი, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება მიმდინარეობს. შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული, დღემდე იკითხებიან საქმის სხვა და სხვა ფიგურანტები.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი