
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის ახლა პრიორიტეტია მეტი ჯავშანტექნიკის, უფრო გრძელი რადიუსის რაკეტებისა და გამანადგურებელი თვითმფრინავების მიწოდება. ამის შესახებ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან, რიში სუნაკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, მტკიცედ უნდა ვიდგეთ. ჩვენ გვჭირდება ჯავშანტექნიკა, ტანკები, საბრძოლო თვითმფრინავები და ცხადია, ჩვენ ამაზე ბევრი ვისაუბრეთ", - თქვა ზელენსკიმ.
მედიასთან საუბრისას ზელენსკიმ ასევე დაადასტურა, რომ ის მომდევნო დღეებში ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება.
"დღეს და ხვალ ჩვენ შევხვდებით ევროკავშირის ლიდერებს და განვიხილავთ ამ საკითხებს. ძალიან მადლობელი ვარ, რომ ბრიტანეთმა საბოლოოდ გაიგო ჩვენი ამ კუთხით და მე იმედი მაქვს, რომ სხვა ქვეყნებიც მოგვისმენენ, როცა საქმე უფრო დიდი მანძილის რაკეტებს ეხება.
[...]
როდესაც ვსაუბრობთ, რა არის ჩვენი პრიორიტეტები ბრძოლის ველზე - რა თქმა უნდა, ჯავშანტექნიკა. ვიცით, რომ ჩვენს მტერს აქვს ათასობით ერთეული ჯავშანტექნიკა, საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობიდან.
რა თქმა უნდა NATO-ს ჯავშანტექნიკა საუკეთესოა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე მათგანი გვაქვს. როცა NATO-ს მხოლოდ 10 ჯავშანმანქანა გვაქვს ათასი საბჭოთა ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ, რა შანსები არსებობს?", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.