"ვიმედოვნებთ, საქართველოს ლიდერები შეძლებენ, სიმართლე თქვან უკრაინის ბრძოლის შესახებ" - ფრიდი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ იზრდება ზოგიერთი ძალის ინტერესი, "საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში", ვაშინგტონში კრიტიკული შეფასება მოჰყვა. 

ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი გამოცდილების მქონე ყოფილი დიპლომატი, დენ ფრიდი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინის მხარდაჭერა და ამის საქართველოსგან მოთხოვნა, ომში ჩართვას არ ნიშნავს. 

"ომის პარტია“ ნამდვილად არსებობს უკრაინის წინააღმდეგ. მას პუტინი მართავს. მან დაიწყო და აგრძელებს ამ ომს. არსებობს იმ ადამიანების კოალიცია, თუ გნებავთ პარტია, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ გადარჩენისთვის ბრძოლაში. მათი უმეტესობა საქართველოს უჭერდა მხარს 2008 წელს. ნუთუ ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ მაშინ შევცდით? რადგან ახლა ისე ჩანს, რომ ის ჩვენს უკრაინისადმი მხარდაჭერას ეწინააღმდეგება. 

არავის სურს, რომ საქართველო კვლავ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდეს. მაგრამ, საქართველოს მეგობრები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ლიდერები შეძლებენ სიმართლე თქვან უკრაინის სიცოცხლისთვის ბრძოლის შესახებ“,- ამბობს ფრიდი. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახლა საქართველოს ომში ჩართვის სურვილი გაზრდილია, რადგან უკრაინაში "ამ ეტაპზე რუსულ მხარეს გარკვეული უპირატესობა აქვს". იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა მამუკა მდინარაძემაც და თქვა, რომ რუსეთი "გაცილებით წინ არის წაწეული", რასაც მან სამწუხარო რეალობა უწოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი