
საბედისწერო დაბადების დღის იუბილარი ისევ საგამოძიებო უწყებაშია დაბარებული. ანა გაბეჩავას ადვოკატის განმარტებით, ამჯერად მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამოკითხვა არ იგეგმება და სამართალამცველებმა ის ვიდეო მტკიცებულებების გასაცნობად დაიბარეს. "მთავარის" ინფორმაციით, საქმე ეხება ვიდეო მასალას, რომელიც ანა გაბეჩავამ, საბედისწერო დაბადების დღის ღამით, თემქაზე გამართული წვეულების დროს გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა.
ამ დროისთვის საგამოძიებო უწყებაში ანა გაბეჩავასთან ერთად, კოკო ღიბრაძეც იმყოფება. პოლიციაში დაბარების მიზეზი თავად დაბარებულისთვისაც უცნობია.
ამოცნობის პროცედურა, რომელიც დღეისთვის იყო დანიშნული, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და არასრუწლოვნის ზ.ხ.-ს ადვოკატის ცნობით, გურამ ამირხანაშვილს ამოცნობა არ გასჭირვებია. ამიხანაშვილმა დაადასტურა, რომ "ტოიოტა ქემრის" მარკის ავტომობილში ეს ადამიანი ნამდვილად იჯდა, თუმცა მათ შორის არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. მეორედ ეს არასრულწლოვანი მცხეთის პოლიციაში, გამოკითხვისას ნახა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ვახტანგ ახვლედიანისა და რამდენიმე მოწმის, მათ შორის, ერთი არასრულწლოვნის გამოკითხვა პოლიციაში.
გუშინ, 22 ივლისის ასევე ცნობილი გახდა დამატებითი ინფორმაცია ანა გაბეჩავას მიმოწერიდან სხვადასხვა ადამიანებთან, სადაც ის ცდილობს გაარკვიოს, რა შეემთხვა გიორგი შაქარაშვილს საბედისწერო ღამეს.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.