
აშშ-ის ეროვნული საზოგადოებრივი რადიო (NPR), თანამგზავრულ მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთი აგრძელებს კახოვკაში მდებარე წყალსაცავის დაცლას, რაც საფრთხეს უქმნის სასმელ წყალს, სოფლის მეურნეობის წარმოებას და ევროპის უდიდესი ატომური ქარხნის უსაფრთხოებას.
NPR-ის ცნობით, რუსეთის მიერ კონტროლირებადი კახოვკას წყალსაცავიდან წყლის გამოშვება სამხრეთ უკრაინაში 2022 წლის ნოემბრიდან გრძელდება. შედეგად, სატელიტური მონაცემებით, ტბაში წყლის დონემ ბოლო 30 წელში რეკორდულად იკლო. კომერციული კომპანიების - Planet-ისა და Maxar-ის გადაღებული ცალკეული სურათები აჩვენებს, თუ როგორ იცვლება წყალსაცავის გასწვრივ სანაპირო ხაზი წყლის დონის სწრაფი ვარდნის შედეგად.
კახოვკას წყალსაცავი უზარმაზარი ხელოვნური ტბაა, დნეპრის გასწვრივ. 1950-იანი წლებიდან იგი უკრაინის სამხრეთ რეგიონებს - ხერსონსა და ზაპოროჟიეს სასმელი და სარწყავი წყლით ამარაგებდა. წყალსაცავიდან გამომავალი 400 კილომეტრიანი არხი ასევე ამარაგებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმს. უკრაინამ 2014 წელს, რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, წყლის გაშვება კახოვკას არხიდან ყირიმისთვის შეწყვიტა, თუმცა 2022 წლის ზაფხულში, ოკუაპანმა რუსეთმა არხი ისევ გახსნა.
„მიუხედავად იმისა, რომ წყლის დონის ვარდნა არ წარმოადგენს უშუალო საფრთხეს ბირთვული უსაფრთხოებისთვის, ეს შეიძლება იყოს განგაშის მიზეზი, თუ ამის გაგრძელების უფლებას მივცემთ“, - აცხადებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, IAEA-ს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი.
აშშ-ის ეროვნული ოკეანოგრაფიული და ატმოსფერული ადმინისტრაციის წარმომადგენელი დევიდ ჰელმსი კი აცხადებს, რომ რუსეთი რამდენიმე თვეა იყენებს კახოვკას წყალსაცავს ყირიმის წყალსაცავების ქსელის შესავსებად.
2022 წლის 11 ნოემბერს, უკრაინის შეტევის დროს უკან დახევისას რუსულმა ძალებმა კახოვკას კაშხლის გასწვრივ გზა ააფეთქეს, რომელიც აკონტროლებს წყალსაცავში წყლის დონეს.