უზუსტობები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში - ოჯახი შსს-ს ბრიფინგს ეხმაურება

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი, 23 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეში არსებულ კითხვის ნიშნებზე საუბრობს. მათ მთავარ ეჭვს ის ადგილი იწვევს, სადაც გარდაცვლილის ავტომობილი იპოვეს.

თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა ამბობს, რომ გამოძიება გაჭიანურდა და ოჯახმა ამ დრომდე არ იცის, გაშიფრეს თუ არა სამართლდამცველებმა სატელეფონო და სოციალური ქსელების ამონაწერი. ოჯახი არ გამორიცხავს, რომ ბაჩალიაშვილი სულ სხვა ადგილას მოკლეს, შემდეგ კი ავტომანქანით ტყეში მიიყვანეს. შსს-ს საგანგებო ბრიფინგის მოსმენის შემდეგ ოჯახს უფრო მეტი შეკითხვა აქვს. 

გამოძიება გაჭიანურდა დროში, გვაინტერესებს, რატომ? იმიტომ, რომ შაბათს დილით მოხდა ეს შემთხვევა, იმავე საღამოს დაფიქსირდა პოლიციაში განაცხადი, რომ გოგო დაიკარგა. ისეთი შეგრძნება გაგვიჩნდა, რომ პოლიცია უმოქმედოდ იყო, რადგან გვითხრეს, რომ 24 საათის განმავლობაში ჩვენ მოქმედებების შესრულებას ვერ შევუდგებით. ჩვენი ძალებით დავიწყეთ სოფლებში ძებნა. პირველად სოფელ გოლთეთში წავედით, გამოვკითხეთ ხალხი, მათ აღგვიწერეს გოგო და მანქანა, რომ შევიდა და შემდეგ, დავუკავშირდით თეთრიწყაროს პოლიციას. პოლიცია მოვიყვანეთ და შემდეგ გოლთეთის მოსახლეობას გაესაუბრნენ. ანალოგიურად გავესაუბრეთ იქაურ მწყემსებს, ეს არის კვირა დღე. ტელეფონის ნომრებიც გავცვალეთ... იქ რომ დრონები მიეყვანათ, კვირასვე დაფიქსირდებოდა ის მანქანა, იმიტომ რომ არ იყო მიუვალ ადგილას. ჩვენ არ ვიცით ტელეფონის ამონაწერები. არ ვიცით "ფეისბუქის" მიმოწერები... თამუნა მივიდა ისეთ ადგილას, სადაც არასდროს ყოფილა, - ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა, კობა თამაზაშვილი.

ერთ-ერთი მეზობლის ინფორმაციით, როდესაც ოჯახმა გზა გადაკეტა, ოჯახს გამომძიებელი დაუკავშირდა, რომელმაც პირობა დადო, რომ უკვე მეხუთე დღეს, სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენს ჩართავდნენ. ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ცხედარი ვერტმფრენის სამძებრო სამუშაოებში ჩართვამდე აღმოაჩინეს. 

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, ორი დღის წინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ, პოლიციამ დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლი ვერ დაადგინა და დახმარება ისევ ოჯახს სთხოვა. გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, სპეციალისტებმა, კომპიუტერში მხოლოდ ახალგაზრდა ქალის გაუჩინარებიდან 5 დღის თავზე შეაღწიეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი