
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრის, სილვიო ბერლუსკონის განცხადებებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ და მას რუსეთის წახალისებაზე პოლიტიკურ და მორალურ პასუხისმგებლობას ახსენებს.
უწყების პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს თქმით, "სილვიო ბერლუსკონის უაზრო ბრალდებები ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ, პუტინის ხელებზე - იდაყვებამდე სისხლიან ხელებზე, კოცნის მცდელობაა".
ნიკოლენკომ გაიხსენა, რომ 2010 წელს იტალიის მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ბერლუსკონიმ ლიბიის დიქტატორს ხელებზე აკოცა ლიბიაში მუამარ კადაფთან ოფიციალური შეხვედრისას, ტელეკამერების თანდასწრებით, რათა მისი ერთგულება გამოეხატა.
შეგახსენებთ, რომ ბერლუსკონიმ, ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტის ფარგლებში მელონისა და ზელენსკის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, თავად რომ პრემიერმინისტრი ყოფილიყო, ზელენსკის არ შეხვდებოდა, რადგან ზელენსკის რომ დონბასზე "შეტევა შეეწყვიტა". რუსეთი უკრაინას თავს საერთოდ არ დაესხმებოდა. "ამიტომ მე ამ ვაჟბატონის საქციელს ძალიან, ძალიან უარყოფითად ვაფასებ" - თქვა ბერლუსკონიმ.