ბურუსით მოცული სიკვდილი - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა

გამოქვეყნდა:

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახისა და ახლობლებისთვის შს სამინისტროში გაკეთებული განცხადება მორიგი შოკი აღმოჩნდა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მამუკა ჭელიძე სპეციალურ ბრიფინგზე ამტკიცებდა, რომ პოლიცია დაკარგულ გოგოს ეძებდა ყველა საშუალებით, მათ შორის დრონებითა და ვერტმფრენით.

ოჯახის ახლობლებს ზუსტად ახსოვთ, რომ ვერტმფრენი სამძებრო სამუშაოებში არ ჩართულა. თამარის გაუჩინარებიდან მეოთხე დღეს, მხოლოდ მას შემდეგ,რაც ხალხმა გზა გადაკეტა, გამომძიებელმა ოჯახს პირობა მისცა, რომ ვერტმფრენით ძებნა დაიწყებოდა, თუმცა დაწყებამდე ცხედარი იპოვეს. გარდა ამისა, ოჯახის ახლობლები გამორიცხავენ, რომ აერო გადაღების კამერით მუშაობის შემთხვევაში, ახალგაზრდა ქალის ავტომობილი იმ ტერიტორიაზე ვერ ეპოვათ. 

შს სამინისტროს განცხადებაში კიდევ ერთი უზუსტობა ჩანს - ცხედრის პოვნის პირველ დღეს, უწყების ინფორმაციით, ავტომობილი და გარდაცვლილი გოგო მწყემსმა იპოვა, დღეს კი უწყებაში განაცხადეს, რომ ავტომობილი შენიშნა არასრულწლოვანმა, რომელმაც 112-ს შეატყობინა.

"მთავარმა არხმა" ტრაგედიის ადგილას მწყემსის მამა ჩაწერა. კაცი ამბობს, რომ ავტომობილი ჯერ მისმა შვილმა ნახა, შემდეგ კი მან. შეატყობინეს არა 112 -ს, არამედ ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელს. 

გარდა ამისა, მწყემსი ამბობს, რომ ის ამ მინდვრებზე პირუტყვის სამწყემსად ყოველდღიურად დადიოდა. იმყოფებოდა შაბათსაც და შემდგომ დღეებშიც, თუმცა ამტკიცებს, რომ ავტომობილი მხოლოდ მეხუთე დღეს შენიშნა, რადგან სიღრმეში მანამდე არ შესულა. 

მწყემსის ეს მონაყოლი კიდევ უფრო აღრმავებს ოჯახის ეჭვს, რომ გოგოს თავი არ მოუკლავს და არც მანქანა ყოფილა ამ ადგილას პირველივე დღეს. ოჯახს მხოლოდ ერთი ვარაუდი აქვს, პოლიცია ან საერთოდ არ ეძებდა ავტომობილს, ან ეძებდა, თუმცა ავტომობილი იქ არ იდგა.

ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს, თვითმკვლელობას გამორიცხავენ გარდაცვლილის მეზობლებიც. ამბობენ, რომ თამუნას ბევრი გეგმა ჰქონდა და თავს არ მოიკლავდა. ადანაშაულებენ მხოლოდ გამოძიებას უმოქმედობის გამო და პოლიციას, რომელმაც სათანადო ზომები არ გაატარა. დარწმუნებული არიან, რომ ეს მკვლელობა იყო. გოგო მისთვის უცნობ ადგილას გაიტყუეს, მოკლეს და შემდეგ მიიტანეს. ახლა კი დედას შვილის ცხედრის ნახვაც არ შეუძლია. 

გამოძიებას ამ დრომდე არ დაუსახელებია, რა ვერსიაზე მუშაობენ. არ გამოუქვეყნებიათ აერო გადაღების კამერის ჩანაწერები, რათა ოჯახი დარწმუნდეს, რომ მის შვილს ნამდვილად ეძებდნენ. გარდა ამისა, უცნობია, გადაკვალიფიცირდება თუ არა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლი. ოჯახი დროულ და დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს და კატეგორიულად აცხადებენ, რომ თვითმკვლელობის ვერსიას არ მიიღებენ.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, ორი დღის წინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ, პოლიციამ დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლი ვერ დაადგინა და დახმარება ისევ ოჯახს სთხოვა. გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, სპეციალისტებმა, კომპიუტერში მხოლოდ ახალგაზრდა ქალის გაუჩინარებიდან 5 დღის თავზე შეაღწიეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი