ლატვიაში მთვრალი მძღოლებისთვის ჩამორთმეული მანქანები უკრაინულ არმიას გადაეცემა

გამოქვეყნდა:

მანქანები, რომლებიც ლატვიაში მთვრალ მძღოლებს ჩამოერთმევათ, უკრაინულ არმიას გადაეცემა. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება 16 თებერვალს ლატვიის სეიმმა საბოლოო მოსმენით მიიღო. 

როგორც ლატვიის პარლამენტის წარმომადგენლები ამბობენ, ახალი ცვლილებები მიზნად ისახავს უკრაინელი საზოგადოების მხარდაჭერას. 

"ჩვენ შეგვიძლია მთვრალი მძღოლებისთვის ჩამორთმეული მანქანების რეალიზაცია მოვახდინოთ მათი გაყიდვით ან ნაწილებად დაშლით. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ არსებულ ვითარებაში ისინი უფრო სასარგებლო იქნებოდა უკრაინელი ერის მხარდასაჭერად", - განაცხადა დეპუტატმა რეიმონდ ბერგმანისმა. 

მისივე ინფორმაციით, ლატვიის მთავრობა ყველა შემთხვევას ინდივიდუალურად განიხილავს. მანქანები კი გადაეცემათ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც უკრაინის მთავრობასთან თანამშრომლობენ და დახმარების თხოვნებს იღებენ. 

ცნობისთვის, ლატვიის პარლამენტმა 2022 წლის ნოემბერში მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ლატვიელ სამართალდამცველებს ეძლევათ უფლება, მანქანები ჩამოართვან მძღოლებს, რომლებიც ავტომობილს თრობის ქვეშ მართავენ. მანქანის ჩამორთმევა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზმში ალკოჰოლის კონცენტრაცია აღემატება 1,5 პრომილს, თუ მძღოლი ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფება ან თუ უარს განაცხადებს ტესტირებაზე.

ჩამორთმეული მანქანები ლატვიის სახელმწიფო სააგენტოს ავტოსადგომებზე ინახებოდა, რის შემდეგაც მათი აუქციონზე გაყიდვა ხდებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი