"გაუგრძელდეთ უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში ყოფნის უფლება კიდევ 1 წლით" | ICWAW-ის მიმართვა მთავრობას

გამოქვეყნდა:

ომით დაზარალებულ ქალთა საერთაშორისო ცენტრი [ICWAW] საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში ყოფნის ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდეთ. ამ მოთხოვნით ორგანიზაციამ ონლაინ პეტიციაც შექმნა, რომელსაც რამდენიმე საათში 2 000-მდე ხელმომწერი ჰყავს.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაში წერია, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, უკრაინის მოქალაქეებს ქვეყანაში უვიზოდ დარჩენა მხოლოდ ერთი წლით შეუძლიათ. 

"2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, როდესაც რუსეთის ფედერაციამ განახორციელა სამხედრო შეჭრა დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოში, უკრაინაში - ათიათასობით უკრაინის მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი ქვეყნის ტერიტორია.

ოფიციალური მონაცემებით 2022 წელს 200 000-ზე მეტ უკრაინის მოქალაქეს აქვს საქართველოს საზღვარი გადმოკვეთილი და ათასობით უკრაინის მოქალაქე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება. უკრაინაში ომის დაწყებიდან ფაქტობრივად გასულია 1 წელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ათასობით უკრაინის მოქალაქე დგება საქართველოს დატოვების საფრთხის წინაშე, მაშინ როდესაც ისინი ვერ მოახერხებენ საკუთარ ქვეყანაში უკან დაბრუნებას.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ჩვენ, წინამდებარე პეტიციის ხელმომწერები მივმართავთ საქართველოს მთავრობას რომ მიიღოს გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც უკრაინის მოქალაქეებს გაუგრძელდეთ ქვეყანაში ყოფნის უფლება კიდევ ერთი წლის ვადით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ  24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ერთი წელი გადის. ომის დაწყების დღიდან კი უკრაინელი დევნილების ნაწილი საქართველოს აფარებს თავს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი