"ქართველი ხალხი არის უკრაინელების გვერდით" | "ლელოს" დელეგაცია უკრაინაში მიემგზავრება

გამოქვეყნდა:

"ქართველი ხალხი არის უკრაინელების გვერდით", - ამის შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს და ამბობს, რომ ომის წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინაში მიემგზავრება. 

შარშან 24 თებერვალს დაიწყო დიდი ომი რეგიონში. რუსეთის ჯარებმა გადაწყვიტეს, რომ დაეპყროთ უკრაინა. ერთი წელი გავიდა და ომის სცენარი სრულიად შეიცვალა. ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს, იმიტომ რომ ეს არის ომი და ბრძოლა უკრაინელი ხალხისთვის, მათი თავისუფლებისთვის, მათი ოჯახებისთვის და მათი ერთიანი სახელმწიფოსთვის. 

უკრაინის ბრძოლა არის ბრძოლა საქართველოსთვის, იმიტომ რომ დღეს წყდება თავისუფლების და დემოკრატიის ბედი არამარტო უკრაინაში, არამარტო საქართველოში, არამედ, ვიტყოდი, რომ მთელ ევროპაში და მთელ მსოფლიოში. 

მე, ჩემს მეგობრებთან ერთად, მივემგზავრები უკრაინაში, რათა ერთი წლის თავზე დავდგე ჩემი უკრაინელი მეგობრების გვერდში, გამოვუცხადო სოლიდარობა, ჩავუტანო ჰუმანიტარული დახმარება და კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ქართველი ხალხი არის ჩვენი უკრაინელი ძმების და დების გვერდში. 

ამ ომში გაიმარჯვებს თავისუფლება, გაიმარჯვებს ვაჟკაცობა და ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება ის სანუკვარი ოცნება, რომელიც არამარტო უკრაინელებს, არამედ ქართველებსაც გვაქვს - ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთიანობა და გამთლიანება. Слава Україні! Героям слава!, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

ინფორმაციას ავრცელებს პარტიის პრესსამსახურიც და წერს, რომ "ლელო საქართველოსთვის" დელეგაცია უკრაინაში მათი მიწვევით მიემგზავრება:

"უკრაინული მხარის მოწვევით, 24 თებერვალს “ლელოს” დელეგაცია დაესწრება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების 1 წლისთავისადმი მიძღვნილ რადას საგანგებო სხდომას. სხდომაზე მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური დელეგაციები მთელი მსოფლიოდან.

პარტიის თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე, პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი და საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია 3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავენ რადაში, სადაც შეხვდებიან უკრაინის მმართველი პარტიისა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან.

“ლელოს” დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ როგორც უკრაინის, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებთან" - წერს პარტია. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი