
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის თქმით, კრემლის საწინააღმდეგო კოალიცია 54 ქვეყნისგან შედგება. ამ თემაზე მან უკრაინული მედიის ცნობით, ერთ-ერთ ტელეარხთან ინტერვიუში ისაუბრა.
"ფაქტია, რომ კრემლის საწინააღმდეგო კოალიცია უკვე 54 ქვეყნისგან შედგება. შეხვედრაზე ბევრი დელეგაცია იყო, ჯერ რამშტაინზე, შემდეგ ბრიუსელში. რამშტაინის შეხვედრის გარდა, ბრიუსელში NATO-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა შედგა, რომელზეც უკრაინა საპატიო სტუმრად იყო მიწვეული", - თქვა რეზნიკვმა.
რეზნიკოვმა ასევე აღნიშნა, რომ ცდება ვინც, ფიქრობს, რომ უკრაინის ომისგან დაღლილობის სინდრომი არსებობს. მისი თქმით, პარტნიორები უკრაინის გამარჯვებისთვის მზად არიან.
"ახლა სულ სხვა განწყობაა, ვიდრე იყო ერთი წლის წინ, როცა სამი დღე მოგვცეს დედაქალაქის დაცემისთვის და მაქსიმუმ სამი კვირა მთელი ქვეყნის დაცემისთვის. დღეს ყველას სჯერა უკრაინის გამარჯვების და ყველას უნდა ეს გამარჯვება. ჩვენ ეს მთელ მსოფლიოს დავუმტკიცეთ, ამიტომაც მთელი მსოფლიო შთაგონებულია ჩვენი დამცველების, მშვიდობიანი მოქალაქეების გმირობით და მათ სურთ იყვნენ ჩვენი გამარჯვების თანაავტორები", - თქვა რეზნიკოვმა.