
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი მმართველი უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტს "შემაშფოთებელს" უწოდებს. "რადიო თავისუფლების" კითხვის პასუხად მან "ოცნების" გუნდს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია შეახსენა, სადაც მკაფიოდ წერია, რომ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიისთვის თავისუფალი გარემოს შექმნა ევროინტეგრაციის გზაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
"სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, მისი შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველია. ეს, ასევე საკვანძო საკითხია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში და წარმოადგენს 12 კრიტერიუმის ნაწილს.
საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, როგორც პატივი სცენ, დაიცვან და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს, ასევე დაიცვან მედიისა და გამოხატვის თავისუფლება.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობა და სტანდარტები აღიარებს, რომ რესურსებზე წვდომა, მათ შორის, დაფინანსება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლით გათვალისწინებული გაერთიანების თავისუფლების განუყოფელი კომპონენტია და ამის ნაწილია საქართველოც.
შიდა და საერთაშორისო დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა არ უნდა შეიზღუდოს, არამედ ხელი უნდა შეეწყოს, რადგან ეს აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და არსებითი მუშაობისთვის", - წერია ბორელის პასუხში, რომელიც "რადიო თავისუფლებას" მისმა პრესსპიკერმა მიაწოდა.
ცნობისთვის, 14 თებერვალს "ხალხის ძალამ" განაცხადა, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას "უცხოური გავლენის აგენტების" რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია საშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი "უცხოური ძალებიდან" მოდის. "ოცნებიდან" ფორმალურად გასული და საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატები აცხადებს, რომ კანონპროექტის მიხევდით იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები - "ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან".
"გამიჯნულებისა" და "ოცნების" გარდა, ყველა დემოკრატიული ორგანიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ასევე დასავლელი პარტნიორები მკაცრ შეფასებას აძლევენ აღნიშნულ ინიციატივას და ამბობენ, რომ მისი განხილვაც კი ქვეყნის ევროპული მომავლის დივერსიაა.