
რომის პაპმა ფრანცისკემ, რეგულარულ საჯარო აუდიენციაზე, კვლავ მოუწოდა რუსეთს და უკრაინას ცეცხლის შეწყვეტისკენ და თქვა, რომ ნანგრევებზე მოპოვებული გამარჯვება არასოდეს იქნება ნამდვილი გამარჯვება.
პონტიფიკოსმა სიტყვა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით წარმოთქვა.
"ერთი წელი გავიდა ამ აბსურდული და სასტიკი ომის დაწყებიდან, რა სამწუხარო წლისთავია. დაღუპულთა, დაჭრილთა, ლტოლვილთა და დევნილთა რაოდენობა, ასევე ნგრევის მასშტაბები, სოციალური და ეკონომიკური ზიანი თავისთავად მეტყველებს ამაზე.
ჩვენ ვდგავართ წამებული უკრაინელი ხალხის გვერდით, რომელთა ტანჯვაც გრძელდება“, - განაცხადა პაპმა.
მან დაგმო რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი მკვლელობები და სხვა სისასტიკე.
„მოდით, საკუთარ თავს ვკითხოთ: გაკეთდა თუ არა ყველაფერი ომის შესაჩერებლად? მოვუწოდებ ყველას, ვისაც ძალაუფლება აქვს, მიიღონ კონკრეტული ზომები კონფლიქტის დასასრულებლად, ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად" - თქვა პაპმა.
აუდიენციას ესწრებოდა უკრაინის ელჩი ვატიკანში ანდრეი იურაში და კიევის ოფიციალური დელეგაცია.