
ბრალდების მხარე ბადრი ესებუას დისკრედიტაციას ცდილობს - აცხადებს მძიმე დანაშაულებში ბრალდებული ესებუას ადვოკატი.
ალექსანდრე კობაიძის თქმით, სწორედ ამას ემსახურებოდა ესებუასთვის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნის შუამდგომლობა, რაც სასამართლომ დღევანდელ პროცესზე დააკმაყოფილა. ადვოკატი ამბობს, რომ აღნიშნული შუამდგომლობის დაყენების საფუძველი არ არსებობდა.
იგი მოთავსდება შესაბამის კლინიკაში, სადაც ჩაუტარებენ კვლევას, რამდენად მდგრადი, ან არამდგრადი პიროვნებაა ფსიქოლოგიურად - ამბობს კობაიძე.
ესებუას დაცვა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ტერორიზმის მუხლით ბრალდებასაც. მათივე თქმით, დღეს პროკურატურა ცდილობდა მტკიცებას, რომ ბრალდებული ფულს სახელმწიფოსგან ითხოვდა.
პროკურორი კი აცხადებს რომ ეს მძევლების ჩვენებით დასტურდება. კერძოდ, ბრალდების მხარის თქმით, "საქართველოს ბანკში" მყოფმა ადამიანებმა განაცხადეს, რომ ესებუა ხელისუფლების გავლენიან წარმომადგენელთან, ამ შემთხვევაში პოლიციელთან ითხოვდა დაკავშირებას და უშუალოდ მას მოსთხოვა თანხა, რაც პროკურორის თქმით, სწორედ იმას ნიშნავს, რომ ესებუა ფულს სახელმწიფოს სთხოვდა.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს ბადრი ესებუას პროცესი გაიმართა. მომდევნო სხდომა 5 მარტს ჩაინიშნა, სადაც ისევ ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავენ.
ტერორიზმში ბრალდებული ესებუა თავს დამნაშავედ არ ცნობს და ძმის პატიმრობიდან გათავისუფლებას, ასევე ქუთაისის ციხეში დაბრუნებას ითხოვს. ასევე, მისი სურვილია საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.
შეგახსენებთ, რომ ორწლიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა. ბრალდების მიხედვით, ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა 40-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა, თანხის მიღების შემდეგ კი მიმალვა შეძლო.