
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთში NATO აღმოსავლეთის ფლანგის წევრებს შეხვდა. შეხვედრისას თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის ომი მხოლოდ რუსეთს არ ეხება და ახლა დემოკრატია და თავისუფლება საფრთხეშია.
"თქვენ ხართ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ფრონტის ხაზი და თქვენ ყველაზე კარგად იცით, რა არის საფრთხე ამ კონფლიქტში - საფრთხეშია არა მხოლოდ უკრაინა, არამედ ევროპისა და მთელი მსოფლიოს თავისუფლება და დემოკრატია", - თქვა მან.
ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ მათ გვერდით იქნება, თუ რუსეთი NATO-ს რომელიმე წევრ ქვეყანას თავს დაესხმება:
"NATO-ს მე-5 მუხლი არის წმინდა ვალდებულება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა აიღო. ჩვენ დავიცავთ NATO-ს თითოეულ მტკაველს", - თქვა ბაიდენმა.