
რუსული სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა უკრაინაში დაღუპული თავისი სამხედროების სურათები გამოაქვეყნა და მათ გაზდრილ სიკვდილიანობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა. პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ჯარისკაცებს საბრძოლო მასალას საკმარისად არ აძლევს.
ამასთან დაკავშირებით პრიგოჟინმა არაერთხელ ისაუბრა, თუმცა ადრეც და ახლაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მის ბრალდებებს უარყოფს.
"ყველა განცხადება, რომელიც თავდასხმის ქვედანაყოფებმა საბრძოლო მასალის ნაკლებობასთან დაკავშირებით გააკეთეს, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, თუმცა აღსანიშნავია, რომ განცხადებაში არც პრიგოჟინი და არც ვაგნერი ნახსენები არაა.
აქვე, უწყების ცნობით, 18 თებერვლის შემდეგ, დაჯგუფებას 1 660 რაკეტა, 20 171 საარტილერიო ტყვია და ნაღმმტყორცნები, ასევე, 980 სატანკო ტყვია მიაწოდა.
წლების განმავლობაში, პრიგოჟინს, რომელმაც ვაგნერის დაჯგუფება დააარსა, ახლო კავშირები ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, თუმცა უკრაინაში ომმა გამოიწვია მზარდი დაპირისპირება დაქირავებულ მებრძოლებსა და რეგულარულ არმიას შორის. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ პრიგოჟინი პუტინის აზრებს აღარ ითვალისწინებს.
ისეთი დაქირავებული ჯგუფები, როგორიც ვაგნერია, რუსეთში არალეგალურია, თუმცა პრიგოჟინმა ის არა მხოლოდ დაარეგისტრირა, როგორც კომპანია, არამედ ის გასულ წელს რუსეთის ციხესთან გადაიღეს, როცა პატიმრებს ომისთვის ღიად ამზადებდა.