
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ოცნების" რუსულ კანონპროექტს ეხმაურება. უწყების თქმით, ის ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და ცუდად აისახება ნორვეგია-საქართველოს ურთიერთობაზე.
"ნორვეგია შეშფოთებულია კანონპროექტით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას "უცხოურ აგენტებად" მოიხსენიებს. ის ქართველი ხალხის ურყევ ევროპულ მისწრაფებებსა და ინტერესებს ეწინააღმდეგება. უარყოფითად იმოქმედებს ნორვეგია-საქართველოს თანამშრომლობაზე. ნორვეგია მოუწოდებს კანონმდებლებს იმოქმედონ საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ე.წ. განდგომილებმა და "ოცნებიდან" ფორმალურად წამოსულმა დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს. ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით დაარეგისტრირებს.
ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება EU-ს ნორმებთან და ღირებულებებთან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდა, კანონპრიექტს მხარი არ დაუჭირონ.
კანონპროექტი გააკრიტიკა საქართველოში აშშ-ის ელჩმაც. კელი დეგნანმა ის რუსულ კანონს შეადარა და თქვა, რომ ის მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებასა და სიჩუმეს.
ამავე თემაზე: