
კრემლმა ორშაბათს განაცხადა, რომ მოსკოვი შეშფოთებულია მოლდოვის ოკუპირებულ რეგიონში, დნესტრისპირეთში შექმნილი ვითარებით და ყურადღებით აკვირდება იქ განვითარებულ მოვლენებს.
კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა - "სიტუაცია დნესტრისპირეთში ჩვენი ყურადღების და შეშფოთების საგანია". მისივე მტკიცებით, სიტუაცია გარედანაა პროვოცირებული და მოლდოვა გააფრთხილა შესაძლო პროვოკაციების შესახებ კიევიდან და ევროპის ქვეყნებიდან.
ცნობისთვის, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ რუსეთი დაადანაშაულა "დივერსანტების" გამოყენებაში არეულობის მოსაწყობად. 13 თებერვალს მაია სანდუმ განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ მას გადასცა კრემლის გეგმა ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის შესახებ. რუსეთის თავდაცვა კი ამტკიცებს, რომ უკრაინა დნესტრისპირეთში "შეიარაღებულ პროვოკაციას" ამზადებს.