
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე თვითმკვლელობაზე საუბარი უცნაურია. ამის შესახებ ადვოკატმა გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა.
რამიშვილმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყება ამ ეტაპზე მასთან თანამშრომლობს და საქმის მასალებს ეტაპობრივად ეცნობა.
ძალიან უცნაურია საერთოდ თვითმკვლელობაზე ლაპარაკი ამ ეტაპზე, იმიტომ, რომ თუ ჩვენებებს დავეყრდნობი და ვეყრდნობი, ვინც არიან დაკითხულები, უბრალოდ, მათთვისაც წარმოუდგენელია რომ გოგონა რომელსაც აბსოლტურად ყველანაირი პირობები ჰქონდა და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა მისთვის არც დღევანდელი მდგომარეობა, მისი პირობები, სამსახური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა მითუემტეს, მისი მომავლისკენ სწრაფვა და გეგმები ესეთი ნაბიჯი გადაედგა და თვითმკვლელობამდე მისულიყო. სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე, - თქვა მიხეილ რამიშვილმა.
რამიშვილის ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის ძიებაში ჩართული იყო დრონი, რომლის კადრებიც შსს-სგან მოითხოვა, სასამართლოს განჩინებით კადრების ამოღება სთხოვეს 112-საც, რომელსაც მანქანის გადაადგილება უნდა დაეფიქსირებინა.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად სცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.