
შეიძლება ბევრ სისტემურ დანაშაულთან გვქონდეს საქმე, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე თვითმკვლელობაზე საუბარი უცნაურია.
კიდევ ერთხელ ვამბობ - ერთია, რომ რაც არ უნდა ვინმემ იძახოს, რომ აქ თვითმკვლელობას ჰქონდეს ადგილი, ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს. მაგრამ მე ეჭვი ძალიან მეპარება, რომ თვითმკვლელობა იყოს, აქ ძალიან საშიშ რამესთან შეიძლება გვქონდეს საქმე და აქ ძალიან ბევრ სისტემურ დანაშაულთან გვქონდეს საქმე. ისე რომ არავის იმედი არ ჰქონდეს, რომ რამე და ვინმე უშველს. მე მივალ იმ ობიექტურამდე, რომ სიმართლე დამტკიცდეს, - ამბობს მიხეილ რამიშვილი.
რამიშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება ამ ეტაპზე მასთან თანამშრომლობს და საქმის მასალებს ეტაპობრივად ეცნობა. მისივე თქმით, ბაჩალიაშვილის ძიებაში ჩართული იყო დრონი, რომლის კადრებიც შსს-სგან მოითხოვა, სასამართლოს განჩინებით კადრების ამოღება სთხოვეს 112-საც, რომელსაც მანქანის გადაადგილება უნდა დაეფიქსირებინა.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
ცნობისთვის, 25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად სცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.