ყველაზე მძიმე ჩანაწერი, შეერთებული შტატების საკანონმდებლო აქტში, რომელიც საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ნაწილის გაყინვას ეხება. ექსპერტები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, დოკუმენტი სენატმა უნდა განიხილოს. მათი თქმით, ახლა ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს ხელისუფლება და როგორ ჩატარდება გადამწყვეტი არჩვენები.
ეს აქტი საქართველოს სახელმწიფოს უცხადებს უპირობო მხარდაჭერას იმიტომ რომ ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. მაგრამ პირობებს უყენებს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, რომელმაც მოახდინა იმ დემოკრატიული ფასეულობების მიმართ მნიშვნელოვანი ეროზია, რამაც სამომავლოდ შეიძლება დააზიანოს როგორც ამერიკის სტრატეგიული ინტერესები, ასევე საქართველოს სტრატეგიული ინტერესები. თუკი ეს ასე მოხდა და საქართველოს მთავრობამ ვერ შეასრულა ის კრიტერიუმები, მათ შორის ოლიგარქიულ მმართველობასთან დაკავშირებით, მაშინ ეს გადაიქცევა სანქიებად, 15%-ის გაყინვა არის უკვე რეალური სანქცია საქართველოს მთავრობისთვის, - ამბობს ბათუ ქუთელია.
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე, თინა ხიდაშელი კი ამბობს, რომ ეს, რამდენიმე მიზეზის გამო, სამწუხარო ამბავია. "პირველი - ასეთი ჩანაწერი კანონში გაჩნდა. მეორე - საქართველოს ხელისუფლება მუდმივად მარცხდება საგარეო ფრონტზე".
"ევროპული კვლევების" დირექტორის, გიორგი რუხაძის თქმით, გაყინული 15% ეხება კონკრეტულად საქართველოს ხელისუფლებისადმი გამიზნულ ტრანშებს და კონგრესმა ამით საქართველოს სახელმწიფო და ხელისუფლება გაყო.
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე კი ამბობს, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს, რაც გუშინ თავდაცვის აქტში გამოჩნდა, მაგრამ აქტში აკრიტიკებს და შენიშვნებს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას. მისი თქმით, აქტში წერია, რომ საქართველო უნდა გათავისუფლდეს ოლიგარქების გავლენებისგან. ის მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვლის, რომ საქართველო 20 მილიონით ნაკლებს მიიღებს.
ფრონტერას აღმასრულებელი დირექტორი, ზაზა მამულაიშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველომ ამერიკულ ინვესტიციებთან დაკავშირებით კრიტიკული წერილები, მომავალშიც მიიღოს.
ახლა დაიწყეს, ერთი კვირის წინ, თითქოს ერთ დღეში უნდათ, რომ უკეთესი ბიზნესგარემო შექმნან. მაგრამ, სინამდვილეში არაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მართლა ქმედითი ნაბიჯები გადადგან უკეთესი ბიზნესგარემოს შემქნისთვის. ამიტომაც, სავარაუდოდ, ეს არ არის ბოლო კანონპროექტი, რომელშიც ასეთი ტექსტი იქნება საკმაოდ მკაცრი და მოთხოვნები იმისათვის, რომ საქართველომ დააკმაყოფილოს, რათა კიდევ უფრო მეტი დახმარება მიიღოს და უფრო სწორად, გამოყოფილი დახმარება არ გაეყინოს ამ კანონის მიხედვით, - ამბობს მამულაიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული დოკუმენტი, სადაც საუბარია, რომ შესაძლოა საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15% გაიყინოს, კონგრესის საზედამხედველო ფუნქციით არის ნაკარნახევი და მისი ამოქმედება არ ატარებს სავალდებულო ხასიათს.