ინსცენირებული თვითმკვლელობის ვერსიას არსებობის უფლება აქვს - ექსპერტები ბაჩალიაშვილის საქმეზე

გამოქვეყნდა:

გზა, რომელიც დაღუპულმა თამარ ბაჩალიაშვილმა ზემო ფონიჭალიდან შემთხვევის ადგილამდე გაიარა, რამდენიმე ჭკვიან კამერას უნდა დაეფიქსირებინა. ბაჩალიაშვილის კვალი სოფელ გოლთეთთან იკარგება. დაღუპულის ოჯახი არ გამორიხავს, რომ 23 წლის გოგო, მისთვის უცნობ მხარეში, წინასწარ გაგზავნილი ლოკაციით მიიყვანეს. ახლობლები კატეგორიულად გამორიცხავენ თვითმკვლელობის ვერსიას და ამტკიცებენ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი თავს არ მოიკლავდა. დამოუკიდებელ ექსპერტებს ეჭვი აქვთ, რომ გოგონა ინექციის მსხვერპლი გახდა და ის მარტო არ იქნებოდა.

ექსპერტების მოსაზრებით, ინსცენირებული თვითმკვლელობის ვერსიას არსებობის უფლება აქვს. მათი თქმით, სამართალდამცავებს დაკარგული ბაჩალიაშვილი უფრო მალე რომ ეპოვნათ, მისი დაღუპვის მიზეზები უფრო მარტივი დასადგენი იქნებოდა.   

ჩვენი ექსპერტი საუბრობდა, თეორიულად, იმის ალბათობაზეც, რომ შეიძლება იყოს გამოწვეული ინექციით გარკვეული, დავუშვათ, სუიციდის ინსცენირება. არაფერია გამორიცხული, შეიძლება იყო მკვლელობა, თვითმკვლელობა ან თვითმკვლელობამდე მიყვანა. ჩვენი ექსპერტის განცხადებით, ზედაპირული დაზიანებების ხილვა იყო შეუძლებელი, რადგან იყო შორს წასული გვამური მოვლენები, - ამბობს "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი. 

ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის აზრითაც, საქმეში ბევრი დამატებითი კითხვა არსებობს. 

მე აბსოლუტრად გამოვრიცხავ თვითმკვლელობის არსებობას. იმის გათვალისწინებით, ჯერ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, შესაბამისად, თვითმკვლელობამდე მიყვანა, ნეიტრალური მუხლი, ჯერ სხვანაირად ვერ დაკვალიფიცირდებოდა. მაგრამ ამის უკან მე უფრო მეტს ვხედავ, არ გამოვრიცხავ, რომ ინსცენირება იყოს და უფრო უკან, სხვა საკითხებმა იჩინოს თავი, - ამბობს რამიშვილი. 

ბაჩალიაშვილის ექსპერტიზის პასუხები ცნობილი დაახლოებით ერთ კვირაში გახდება.   

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

ცნობისთვის, 25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად სცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი