საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე და ამავე საკრებულოს აპარატის თანამშრომელი დააკავეს.
მათი თქმით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება.
მათი ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"მთავარის" ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარეს, თემურ ღვინჯილია დღეს, 26 ივლისს, გამთენიისას საოკუპაციო ხაზთან დააკავეს. მას სამსახურეობრივი მანქანით დიდი ოდენობით კონტრაბანდული სიგარეტი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოჰქონდა.